„ყურადღება მდინარე ხელედურაში სასტიკად იკრძალება თევზაობა აპარატითა და ასაფეთქებელი ნივთირებებით!“ „ხელედურას ტერიტორიაზე უცხო ფუტკრის საძოვარზე შემოყვანა აკრძალულილა!“ – ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის შესასვლელში მდინარესთან არსებულ დაფაზე ამ აკრძალვებს ვხვდებით, თუმცა აქ ვერ ნახავთ გამაფრთხილებელ წარწერას იმის შესახებ, რომ მოსახლეობამ მდინარეში ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ ჩაყაროს.
იმისთვის რომ სოფელში შეხვიდეთ მდინარე ხელედურაზე მოწყობილი პატარა ხიდი უნდა გადაიაროთ. ამ ადგილას მდინარის ნაპირები სავსეა ნაგვით და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ანტისანიტარია თავადაც არ მოსწონს, თუმცა სოფელში არ არსებობს ნაგავსაყრელი.
ლალი ლიპარტელიანი სოფელ ხელედის გამგეობაში მუშაობს. ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ თვითმართველობა ინფორმირებულია. სოფელში უკვე ატანილია სანაგვე ურნებიც, მაგრამ მათ მოსახლეობა ამ დრომდე ვერ იყენებს. სოფლამდე მისასვლელი გზა ამორტიზირებულია, ეს კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ადგილამდე ნაგვის მანქანა ვერ მიდის და მდინარის დაბინძურების პრობლემაც მოუგვარებელი რჩება.