როდესაც სვანეთზე ვიწყებყთ საუბარს პირველი კოშკები გვახსენდება. კოშკები დღემდე სვანეთის სავიზიტო ბარათად რჩება, თუმცა ცოტა თუ იცის კოშკის განუყოფელი ნაწილის – მაჩუბის შესახებ.
ყოველი კოშკის გვერდით აუცილებლად დგას (იდგა) მაჩუბი, საცხოვრებელი სახლი 2 ან 3 სართულით და შიდა გასასვლელით კოშკში. ოჯახის ზამთრის საცხოვრებელის ცენტრში გამართული იყო კერა. კერის მდებარეობა განსაზღვრავდა მაჩუბის გეგმას: კერის წინა მხარე მიმართული იყო შემოსასვლელი კარისაკენ, რომელიც უმთავრესად აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეში იყო მოთავსებული. კერის უკანა მხარე განკუთვნილი იყო ქალებისთვის, წინა — კაცებისთვის. მტკიცე წესად იყო დადგენილი კერის გარშემო ოჯახის წევრთა დასხდომა სქესისა და ასაკის მიხედვით.
ზამთარში ოჯახთან ერთად მაჩუბში, სპეციალურად მოწყობილ გომურში, ბაგურ კვებაზე გადაყვანილი საქონელიც იმყოფებოდა. გომური ადამიანთა სამყოფისაგან გამოყოფილი იყო ხის სქელი ტიხარით, რომელიც მაჩუბს 3 ნაწილად ჰყოფდა (საცხოვრებელი, საქონლის სადგომი და თივის დასაყრელი ბაგა). საქონლის სადგომი გომური მოწყობილი იყო ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ ხარებისათვის და დასავლეთით — ძროხებისათვის. ხშირად გომურის თავზე დაშენებული იყო წვრილფეხა პირუტყვის სადგომი. მაჩუბის აღმოსავლეთ კუთხეში მიშენებული იყო ფიცრული მარანი, რომელშიც საარყე ჭურჭელს ინახავდნენ. მაჩუბის ყველა ტიხარის ფასადი მოჩუქურთმებული იყო ორიგინალური გეომეტრიული, ზოომორფული, ანთროპომორფული სახეებითა და ფიგურებით.
მაჩუბი იყო საოჯახო კულტის ცენტრიც, სადაც დღეობებსა და უქმე დღეებში რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და ლოცვა-ვედრებას ასრულებდნენ (ქალები კერასთან, მამაკაცები — სარკმელთან). კერა აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ სარკმელთან ერთად საცხოვრებლის წმინდა ადგილად ითვლებოდა.
მაჩუბს თითქმის ვეღარ შევხვდებით ქვემო სვანეთში. არქიტექტურის ამ ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებულია ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, თუმცა პროცესი რამდენიმე თვეა გაჩერებულია. როდის დასრულდება მაჩუბის მშენებლობა, მუზეუმის დირექტორს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩუბის აღდგენის პროექტს 2014-2020 წლებში ახორციელებს.