2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების პარალელურად ცვლილლებები შედის ერთიან-ეროვნულ გამოცდების სისტემაშიც.
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ. პირველ ეტაპზე მათ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი დაეხმარებათ.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტებს ორი სავალდებულო : ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
სოფო გორგოძის ინფორმაციით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.