,,ხერიის ხედი ახლაც პრობლემურია და მასზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“,-ლენტეხის მერი სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ადასტურებს. დოკუმენტის მიხედვით, ხიდით, რომლის რეაბილიტაციაზე 64.2 ათასი ლარი დაიხარჯა, სარგებლობა შეუძლებელია.
ობიექტის აღდგენით ღონისძიებებზე პასუხისმგებელი შპს ,,ტუ-კა“ იყო. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხიდის მთავარ პრობლემას ბურჯების გამაგრება წარმოადგენდა კომპანიამ სამუშაოები სავალი ნაწილის მოწყობითა და ტრანშის ამოღებით დაიწყო. ,,ამასთან, პროექტში ცვლილება შევიდა და ოთხის ნაცვლად, ერთი ბურჯის გამაგრება გადაწყდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, სამუშაოები კომპანიასთან მაინც გაგრძელდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტისგან განსხვავებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ შპს ,,ტუ-კმა“ ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა. ,,როცა მერი გავხდი, ხიდის მარცხენა ბურჯი უკვე წაღებული ჰქონდათ აღსადგენად. ,,ტუ-კმა“ ბევრი შრომა ჩადო მისი რეაბილიტაციისთვის. აღვადგინეთ, 2-3 დღე ტრანსპორტი მოძრაობდა, ერთ კვირაში კი სტიქია მოხდა და მეორე ბურჯი წაიღო. ეს შარშან სექტემბერში მოხდა და შესაბამისად, ტრანსპორტირება ისევ შეწყდა. ბურჯი, რომელიც ,,ტუკმა“ გააკეთა კარგად არის, მაგრამ მეორე მხარეა დაზიანებული. რად გვინდა ეს ერთი ბურჯი, თუკი ხიდით ვერ ისარგებლა მოსახლეობამ“,- აცხადებს ლიპარტელიანი.
მერის ინფორმაციით, ხიდის განმეორებითი აღდგენითი სამუშაოები 1 მაისს უნდა დაიწყოს.