ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი კვლავ გააქტიურდა. პროექტის განხორციელების ეტაპზე გარკვეული შეფერხებები არსებობდა. ამ ეტაპზე განახლებულმა საპროექტო გუნდმა მოახერხა გზის სიგრძის 80%-ის დაზუსტება. ასევე მიმდინარეობს რთული რელიეფური და ჰიდროგეოლოგიური მონაცემების დაზუსტება-დამუშავება და თელ მარშრუტზე ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება.
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის სავარაუდო სიგრძე 27 კმ-ია, ასევე დაგეგმილია 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გზის სიგანე 8 მეტრი იქნება, საიდანაც 6.5 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი გვერდულებისთვის.
ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზა, ლენტეხიდან დაიწყება, გაივლის ლასკადულას ხეობას, მთიან მასივს 9 კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან. ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილების დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.
გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში და შემცირდება მგზავრობის დრო.
ასევე მიმდინარეობს მესტია-უშგულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება ლასდილის-ცაგერის მიმართულებაც და შეიკვრება ერთიანი რკალი, რომლითაც 2 რეგიონი დაუკავშირდება ერთმანეთს. ამ მიმართულებით 32 კილომეტრის პროექტი უკვე მიღებული აქვს გზების დეპარტამენტს. მიმდინარე წელს, გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს აღნიშნული მიმართულების სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან 2.5 საათში შეეძლება ტურისტს ცაგერში მოხვედრა.