„მწვავე ვირუსული დაავადება თურქული საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. მიმდინარეობს კონსულტაციები დაბალი რისკის ზონების შესაქმნელად და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მესტიის რეგიონის თურქულისაგან თავისუფალ ზონად გამოსაცხადებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და მეცხოველეობის განვითარებას“, – ამის შესახევ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ განცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყოველწლიურ საველე სიმულაციურ სავარჯიშოს დაესწრო.
“უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ შესანიშნავი პროგრესი საქართველოში. ჩვენ ვხედავთ დიდ ძალისხმევას ვეტერინარულ ღონისძიებებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. გაზრდილია როგორც ვაქცინაციის არეალი, ასევე მისი ხარისხი. ჩვენი მიდგომა ამ დაავადების კონტროლთან მიმართებით, გარდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციისა და მონიტორინგისა, არის დაბალი რისკის ზონების შექმნა. საქართველოს შემთხვევაში ასეთია რაჭა-ლეჩხუმი, ქვემოსვანეთი და მესტიის რეგიონი, რომლებიც საბოლოოდ თურქულისგან თავისუფალ რეგიონებად უნდა გამოცხადდეს.” – განაცხადა თურქულის დაავადების კონტროლის ევროპული კომისიის კომპონენტ მენეჯერმა კარსტენ პოტჩმა
სიმულაციური სავარჯიშო კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) მხარდაჭერით, საქართველოსა (სამცხე ჯავახეთი) და თურქეთის (არდაჰანი) ტერიტორიებზე ერთობლივად ტარდება და მასში საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სავარჯიშოს მიზანია თურქულისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დაავადებების კუთხით ქვეყნის საგანგებო მზადყოფნის შეფასება; რისკების მართვის მიზნით, ვეტერინარულ სამსახურებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ცნობიერების ამაღლება. მოსაზღვრე და ახლომდებარე ქვეყნებში დაავადების ახალ-ახალი აფეთქებები, ცხოველების მოვლა-შენახვის მომთაბარე სისტემა (ცხოველების სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია), ვირუსის შენარჩუნება გარემოში და არასტრუქტურულ ცილებზე კვლევის შედეგები ქმნის გარკვეულ რისკებს, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოში ყოველწლიურად, ორჯერადად ტარდება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სისხლის ნიმუშების კვლევა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს თურქულის საწინააღმდეგოდ საქართველოში 654 642 სული ცხოველია ვაქცინირებული, მათ შორის, 333 574 სული მსხვილფეხა და 320 868 სული წვრილფეხა პირუტყვი.