www.lentekhi.ge ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეკლდეურთა კლუბის ფუნქციონირებას და ამ პროცესში არსებულ პრობლემებს აქტიურად აშუქებს. იმის გასარკვევად, რა თანხები გამოიყო მუნიციპალიტეტიდან ბოლო 4 წლის განმავლობაში კლუბის დაფინანსებისთვის, რა პერიოდულობით ყიდულობს მუნიციპალიტეტი საჭირო აღჭურვილობას და როგორია მეკლდეურთა მონაწილეობა ადგილობრივ ტურნირებში, ლენტეხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
საჯარო ინფორმაცია 11 აპრილს გადავაგზავნეთ lentekhi.gov.ge-ზე მითითებულ ოფიციალურ მეილზე. საჯარი ინფორმაციის გამოთხოვაზე პასუხის მიღების 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ – info@lentekhi.gov.ge არ მუშაობდა, ახალი მეილის მისამართი მოგვცეს და ინფორმაციის თავიდან გამოთხოვა გვირჩიეს.
მეორედ საჯარო ინფორმაცია 15 მაისს გამოვითხოვეთ, პასუხი კი 17 დღის დაგვიანებით 7 ივნისს მოგვაწოდეს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 თვის დაგვიანებით მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
„ლენტეხის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს მეკლდეურთა კლუბი, ჩვენ გვაქვს მეკლდეურობის სექცია, რომელიც გაერთიანებულია ა(ა)იპ. ლენტენის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში, შესაბამისად, მას არ აქვს ცალკე დაფინანსება. ვინაიდან, ერთი ჯგუფია მუნიციპალიტეტში, ვერც ადგილობრივ ტურნირებს ვატარებთ. რაც შეეხება მეკლდეურთათვის აღჭურვილობის და ინვენტარის შეძენის საკითხს, წელს მოვახერხეთ მათთვის 1465 (ათას ოთხას სამოცდახუთი) ლარის ღირებულების სპეციალური ინვენტარის შეძენა“.
ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი სატელეფონო ინტერვიუში აცხადებდა, რომ კლუბისთვის ყოველ წელს გარკვეული თანხაა გათვალისწინებული. მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი 3000 ლარს ყოველწლიური ტურნირის ორგანიზებისთვის ხარჯავს, 1500 ლარს საქართველოს მასშტაბით გამართულ ტურნირებში მონაწილეობისთის, ხოლო 1500 ლარს საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ტრენერთა ანაზღაურებაც.
www.lentekhi.ge საკითხზე მუშაობას აგრძელებს. გამოვლენილი უზუსტობების გასარკვევად ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოვითხოვეთ. განახლებულ ინფორმაციას პასუხის მიღების შემდეგ შემოგთავაზებთ.