default logo

სასარგებლო ბმულები

ქვემო სვანეთი

ზღვის დონიდან 750-2300 მ.
ტერიტორია — 1344კვ/მ
მოსახლეობა — 10 000
ცენტრი — ლენტეხი

სვანეთი კაცობრიობის ისტორიის და თანამედროვეობის შერწყმის უნიკალური ნიმუშია. დღეის მდგომარეობით მასში შედის სამი ადმინისტრაციული ერთეული: დალის (კოდორის) სვანეთი, ზემო და ქვემო სვანეთი. სვანეთის საზღვარი მურის (ცაგერის) ხიდიდან თოთნის (აფხაზეთის) ხიდამდეა. ადრე სვანეთი გაცილებით მეტ ტერიტორიას მოიცავდა, მას საქართველოს შემადგენლობაში მართავდნენ მთავრები:ვარდანისძეები, გელოვანები (1362 წლიდან) და დადეშქელიანები. გელოვანების სამთავრო რეზიდენცია დღევანდელ ლეჩხუმში, ისტორიულ სოფ. ორბელში იყო, სადაც დღესაც არის შემორჩენილი გელოვანების ციხის ნაშთები.
სვანების შესახებ ბევრი უცხოელი გვაწვდის ცნობებს: აი, რას წერს ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი: ,,ისინი (სვანები) ირგვლივ ფლობენ ყველაფერს…,,ზღვიდან მწვერვალებამდე“. მართავს 300 კაციანი საბჭო და საომარ ველზე გამოჰყავთ 200 000 მეომარი.
მურის ხიდიდან ცხენისწყლის ხეობის აყოლებაზე სოფ. ნაღომართან სვანებმა მურვანყრუს ჯარების დამარცხება შეძლეს, სწორედ რცხმელურის თემში არის შუასაუკუნეების თამარის ციხე (სოფ. გვიმბრალაში), ყვედრეშის უძველესი ციხე, შუასაუკუნეების ყვედრეშის წმ. კვირიკეს და ივლიტას თარიგზელის და სხვა ეკლესიები, ხოფურში შემონახულია ძველიწელთაღრიცხვის უნიკალური სამარხები.
თამარის ციხიდან ცხენისწყლის ხეობის აყოლებაზე მდებარეობს ლენტეხის (ლარაშის) ციხე, ლარაშის ციხიდან კონტროლდებოდა ქვემო სვანეთის სამი ხეობა. ციხის წინ სვანურ კოშკში ლადო მუსელიანის თაოსნობით შექმნილი მუზეუმია, სადაც სვანების ყოფა-ცხოვრების და ტრადიციებისამსახველი უძველესი და უნიკალური ნიმუშები ინახება. ლარაშის ციხის მარცხენა მხარეს ხელედის ხეობა იშლება, ციხის პირდაპირ ქედზე ისტორიულ ნამურყვამზე ზ. ლიპარტელიანის მიერ აშენებული ამაღლების ტაძარია, მარცხენა მხარეს კი მდ. ხელედურის აყოლებაზე უამრავი ისტორიული ადგილია, ამაღლების ტაძრის გაყოლებაზე არის ისტორიული გზა ისკალდის წმინდა მთისკენ , სოფ. ფაყში მოქმედებს IX-XI საუკუნეების ,,ლამარია“ – მე-16 საუკუნის მოხატულობით, ,,ლამარიას“ მაღლა კი ისკალდის მთაზე მე-5 საუკუნის ისკალდის მთავარანგელოზის მამათა მონასტერია. ამ ადგილს სვანები ,,ფუსდაი ლატაბლიალს“ (უფლის განძის მცველთა სალოცავს)უწოდებენ. ფუსდის რაინდები განსაკუთრებული ვალდებულებით გამოირჩეოდნენ, ისინი არსებობდნენ ქრისტე- შობამდე და მისშემდგომ პერიოდშიც. I -ლი საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს სვანეთში ორჯერ შემოვიდნენ უფლის მოწაფეები: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა. ხელედის ხეობაში წმინდანები ლებარდედან (მარტვილი) გადმოვიდნენ, ზ/სვანეთში ვანის ქედით, მეორედ კი ლატფარის ქედით გადავიდნენ.
ხელედის ხეობას ,,ორჯერ დანათესს~ უწოდებენ. ბიზანტიელების ღალატით ამოწყვეტილი ხეობა შუასაუკუნეებში ხელმეორედ დასახლდა. ხეობის სათავეში იდგა,,სქიმარის“ ციხე, სადაც მე-7 საუკუნის მე-2 ნახევარში (662 წ.) წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა ორ მოწაფესთან ერთად. წმ. მაქსიმეს გზა“ ასე ეწოდება გზას ,,სქიმარიდან მურის ხიდთან არსებული წმ. მაქსიმეს ტაძრამდე, სადაც წმ მაქსიმეს ცხედარი შუასაუკუნეებში ჩამოასვენეს და სადაც დღესაც მისი წმინდა ნაწილებია დავანებული. შენარჩუნებულია სქიმარის ციხის ნაშთები, ლემფარიანის ციხე ბავარში და ,,მაცხვარიშის“ ეკლესია.
ხელედის ხეობა სამეგრელოს ესაზღვრება ეგრისის ქედით, მის აღმოსავლეთით მდებარეობს წიქურა (3174 მ), ჩრდილოეთით კი ვანის და ლაილას ქედები. საცხენოსნო და საცალფეხო გზა გადადის ზ/სვანეთში (ლატალი, ცხუმარი, ხაიში).
ხელედის ხეობას ებმება დევაშის და შეთის ქედები, მდინარეს ერთვება უამრავი შენაკადი, ჩანჩქერი, ღობურის მთაზე არის ღობურის უნიკალური ტბა.
ლარაშის ციხის მარჯვენა მხარეს დ.ლენტეხია. ,,ლენტეხი“ ბასკურად სამი მდინარის შესართავს ნიშნავს. მართლაც, დაბა სამი მდინარის — ხელედურის, ლასკადურის და ცხენისწყლის შესაყარშია განთავსებული. დაბაში შედის უძველესი (ათასობით წლის წინანდელი) კახურის, ბაბილის და სხვა დასახლებები. ბაბილში შემორჩენილია უძველესი სამარხები, რომელიც დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. ლენტეხს ამშვენებს შუა საუკუნეების გულიდის ,,მაცხვარიში“.
ლასკადურის აყოლებაზე მარჯვენა მხარეს გოლდაშის მთაა, მის მახლობლად კი ნაქალაქევი — უძველესი დასახლება, სადაც ხდებოდა რკინის, სპილენძის და ოქროს დამუშავება. ნაქალაქევიდან საცალფეხო გზა გადადის ზემოსვანეთში.
წარსულის და თანამედროვეობის შერწყმის ნიმუშს წარმოადგენს ცხენისწყლის აუზში დასახლებული ჩოლურისა და ლაშხეთის თემები. აქ სტუმარი გვერდს ვერ აუვლის უამრავ და უძველეს ციხე -კოშკს და ეკლესიას. ჩოლურის თემში დღესაც მოქმედებს XI საუკუნის თეკალის ღვთაება, XI-XII საუკუნეებისტვიბის,,თარიგზელი“ (მთავარანგელოზი) .
ჩოლურში (ბახარში) 11 კოშკის ერთობა (დღევანდელი არქაული მუზეუმი) ქმნიდა დაცვის ერთიან სისტემას. სწორედ აქ დაამარცხეს სვანებმა მე-17-ე საუკუნის მეორე ნახევარშისაქართველოში შემოჭრილი თურქები.
ჩოლურიდან ლატფარის უღელტეხილით (2830) გადასასვლელიაზ/სვანეთში – კალაში. აქვეა „ლამარიას“XI საუკუნის სალოცავი, მუწდიში მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ბულეშის, ლეუშერის, თეკალის, ძუღარეშის და ქალაიდაშის ციხე -დარბაზებს დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.
სწორუპოვარი მიმზიდველობით და ისტორიით გამოირჩევალაშხეთი.სასასში მოქმედებს კურორტი“ მუაში“ სამკურნალო მინერალური წყლებით, სასასში არის სტარნიშის მთა, სადაც აღმართულია უძველესი ნიშაჯვარი.
ჟახუნდრის თემში მოქმედებს XI-საუკუნის ჯგრაგის (წმ. გიორგის ) ეკლესია, ლუჯიში -წმ. კვირიკე (IX). ჩიხარეშში – (სალიდანის) ყანსავ-ყიფიანის ციხე-კოშკები, ლეთოდი- გელოვანთა დედა ციხე. ლაშხეთის გავლით გზა გადის ცანა -ზესხოში და ყორულდაშში, საიდანაც ლასტილის უღელტეხილით გადავდივართ უშგულში.
ლაფურის ხეობაში მდებარეობს შარიფცეკის უღელტეხილი ფასის მთასთან, სადაც გადის (16-კილომეტრიანი საზღვარი) ჩრდ. კავკასიასთან, საზღვარი გრძელდება ზესხოს გადასასვლელზე ყორულდაშში ვახუშტის უღელტეხილზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზი სწორედ აქ გადიოდა. ზესხოს გადასასვლელზე მოქმედებდა უძველესი სავაჭრო გზა ზემო ბალყარეთში, ბაქსანის ხეობაში დღესაც სახლობს 17-20-ათასი სვანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედებს ,,ზესხოს“ და ,,აილამას“ ალპური ბანაკები, სადაც იწვრთნებოდნენ „კლდის ვეფხვი“-მიშა ხერგიანი, ჯოკია გუგავა, ალიოშა გაზდელიანი და სხვა სახელოვანი მთამსვლელები.
ყორულდაშში არის უძველესი გამოქვაბული მიმდებარედ ,,ლამარიის“ ეკლესიის ნაშთებით.
მთელი ქვემო სვანეთის გაყოლებაზე იშლება ულამაზესი ბუნება ვიწრო ხეობებით, ჩანჩქერებით, ტბებით. 1200 მ სიმაღლემდე ადგილები დაფარულია ფართოფოთლოვანი მასივებით, (ცაცხვი, რცხილა, წაბლი), 1500 მეტრზე ზემოთ მასიურია წაბლი, ნეკერჩხალი, 2400 მეტრზე ზევით კი ნაძვი, სოჭი, მარადმწვანე შქერი. ალპურ ზონაში ხარობს მთის მოცვი, დიყი, დუცი, მთის შროშანი, უამრავი სახეობის ყვავილი, რომელიც ზაფხულობით ზღაპრულ სილამაზეს ქმნის.
ცხოველებიდან გავრცელებულია მგელი, ფოცხვერი, კვერნა, მაჩვი, არჩვი, ჯიხვი და ა. შ. მდინარეებში უხვად არის წითელწინწკლიანი კალმახი.
ქვემო სვანეთი ტრადიციების უნიკალური ნიმუშია. აქ დღესაც აქტიურად მოქმედებს ჩვეულებითი სჯული-სამედიატორო სამართალი. მედიატორები (მორავები) ავტორიტეტული კაცები არიან. მათი გადაწყვეტილება სავალდებულოა ორივე მხარისთვის. მსუბუქ დანაშაულზე შეიძლება 1- მორავიც, ნაკლებად მძიმეზე – 3, მძიმეზე 5, 7, 9 . განსაკუთრებით მძიმეზე კი 12 კაცი.
სტუმარს სვანეთში განსაკუთრებული პატივით ხვდებიან. მას უფლის საჩუქარს უწოდებენ. უმასპინძლდებიან სვანური სამზარეულოთი: კუბდარით, ჭვიშტარით, თაშმუჯაბით, სვანური მარილით, ალპური ზონის სხვადასხვა ფხალეულით (ზარჩვ, მუჩვ…..) უძველესი სვანური ფოლკლორით აქ დღესაც ქუხს 4000 წლის წინათ შექმნილი ,,ლილე“, ,,კვირია“… განსაკუთრებულ სტუმარს ჩუქნიან ვაჟკაცობის სიმბოლოს – სვანურ ქუდს.(მზადდება მატყლისაგან)
სვანური მარილი, კუბდარი და ქუდი კულტურის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. არამატერიალური კულტურის ძეგლია და იუნესკოშია წარდგენილი სვანური ზარი, რომელსაც სვანი მამაკაცები გასვენების დღეს ასრულებენ და რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება .
სვანურ ფოლკლორს ამშვენებს უძველესი სვანური საკრავები ჭუნირი (ჭიანური) და ჩანგი. ქვემო სვანეთში ლამაზად არის შეხამებული უძველესი საეკლესიო და არასაეკლესიო დღესასწაულები, სვანური საგალობლები და 21 სახეობის სვანური ფერხული.
ქვემო სვანეთში 52 სახეობის მინერალური წყალი და უნიკალური სანადირო ადგილებია.
ქვემო სვანეთში ბუნების ნაჩუქარი და ადამიანის ხელით შექმნილი უძველესი და თანამედროვე შედევრები ერთიანობაში სტუმარს შთაუნერგავს მტკიცე სურვილს, რომ ხშირად ესტუმროს საქართველოს ამ უნიკალურ კუთხეს, შეიგრძნოს აქაური კულტურა, ყოფა, ბუნების სიმშვენიერე, რასაც თავის მხრივ ამაყი სვანი კაცები და ქალები ადგამენ გვირგვინს.